Sunday, August 15, 2010

პირველი SOS ბავშვთა სოფელი დააარსა ჰერმან გმაინერმა 1949 წელს იმსტში, ავსტრიაში. ის ეხმარებოდა ბავშვებს, რომლებიც ამას საჭიროებდნენ: – ბავშვებს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაკარგეს სახლები, უსაფრთხოება და ოჯახები. მრავალი სპონსორისა და თანამშრომლის დახმარებით, ჩვენი ორგანიზაცია გაიზარდა და დახმარებას უწევს ბავშვებს მთელ მსოფლიოში.
ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო სოციალური განვითარების ორგანიზაცია ვზრუნავთ ბავშვებზე. პატივს ვცემთ რელიგიურ და კულტურულ სხვაობას და ვმუშაობთ იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებში, რომელთა განვითარებაშიც ჩვენმა მისიამ შესაძლოა თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენ ვმუშაობთ გაერთიანებული ერების მიერ აღიარებული ბავშვთა უფლებების კონვენციის სულისკვეთებით და ხელს ვუწყობთ მათი უფლებების დაცვას მთელს მსოფლიოში.
ჩვენმა ორგანიზაციამ SOS ბავშვთა სოფლის კონცეფციით საფუძველი ჩაუყარა დაობლებულ და მიტოვებულ ბავშვებზე გრძელვადიანი ზრუნვის ოჯახურ მიდგომას. ეს კონცეფცია ემყარება ოთხ პრინციპს:
დედა: თითოეულ ბავშვს ჰყავს მზრუნველი მშობელი
SOS დედა ახლო ურთიერთობას ამყარებს თითოეულ მასზე მინდობილ ბავშვთან და ქმნის ყველა ბავშვისათვის საჭირო უსაფრთხობის, სიყვარულისა და სტაბილურობის ატმოსფეროს. როგორც ბავშვზე მზრუნველი პროფესიონალი, იგი ცხოვრობს თავის ბავშვებთან ერთად, ხელმძღვანელობს მათ განვითარებას და დამოუკიდებლად უძღვება საოჯახო მეურნეობას. ის აღიარებს და პატივს სცემს თითოეული ბავშვის ოჯახურ მდგომარეობას, კულტურულ წარმომავლობას და რელიგიას.
ძმები და დები: ოჯახური კავშირები ბუნებრივად ვითარდება
სხვადასხვა ასაკის ბიჭები და გოგონები ცხოვრობენ როგორც დები და ძმები; ბიოლოგიური დედმამიშვილები აუცილებლად ერთსა და იმავე SOS ოჯახში იზრდებიან. ამ ბავშვებსა და SOS დედას შორის იბმება ემოციური კავშირი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.
სახლი: თითოეული ოჯახი ქმნის საკუთარ კერას
სახლი არის ოჯახური კერა თავისი განუმეორებელი შეგრძნებით, რიტმითა და წესებით. ამ სახლის კედლებში ბავშვებს ეუფლებათ ნამდვილი უსაფრთხოების შეგრძნება და თავს ოჯახის სასურველ წევრად თვლიან. ბავშვები იზრდებიან და სწავლობენ ერთად, ინაწილებენ ვალდებულებებს და იზიარებენ ყოველდღიური ცხოვრების სიხარულსა თუ ნაღველს.
სოფელი: SOS ოჯახი არის საზოგადოების ნაწილი
SOS ოჯახები ერთად ცხოვრობენ და ქმნიან სოფლის გარემოს, სადაც ბავშვები ტკბებიან ბედნიერი ბავშვობით. ოჯახები გამოცდილებას უზიარებენ და დახმარების ხელს უწვდიან ერთმანეთს. ისინი ინტეგრირებულნი არიან ადგილობრივ საზოგადოებაში და როგორც ამ საზოგადოების წევრებს თავიანთი წვლილი შეაქვთ მის ცხოვრებაში. თავისი ოჯახის, სოფლის და საზოგადოების მეშვეობით, თითოეული ბავშვი სწავლობს საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.

წყარო: ,,ვინ ვართ ჩვენ“ (საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი)